აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს - გამოხმაურებები 

საქართველოსთვის ამერიკისგან 132 025 000 დოლარის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით, გამოხმაურები გრძელდება. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, თუ საქართველო არ განახორციელებს აშშ-ს მიერ ჩამოთვლილ მიმართულებებზე პროგრესულ ნაბიჯებს, ეს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობებზე აისახება.

გრიგოლ გეგელიას განმარტებით, ეს შეიძლება შეიცავდეს დაფინანსების რაოდენობას, პოლიტიკურ და სტრატეგიულ ურთიერთობებს. ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს და აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე, რასაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საკუთარ ანგარიშში ასახავს. ამას ითვალისწინებს აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი გუშინ მოაწერა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.