აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა

ონლაინ-დიალოგი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენისგან საკმაოდ მწვავე გამაფრთხილებელი გზავნილები მიიღო.

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ გამართული ვირტუალური შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას მკაცრი სანქციებით დაემუქრა. ეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინას კიდევ ერთხელ დაესხმება თავს. უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა, ევროპის აღმოსავლეთით დამატებითი სამხედროების განლაგება და რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია – ის ზომებია, რომლებსაც ვაშინგტონი მიიღებს. თავის მხრივ, კრემლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც ნატოს რიგის სამიტის პარალელურად თქვა. მოსკოვი იურიდიულ გარანტიებს ითხოვს იმის გამოსარიცხად, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.