აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები

„რუსეთს სურს გაიგოს მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევაში, ამერიკელ კოლეგასთან გამართული დისკუსიის შემდეგ განაცხადა. მოლაპარაკებები თითქმის 8 საათი მიმდინარეობდა. რიაბკოვის განცხადებით, რუსეთს სჭირდება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. მისივე თქმით, მოისმინა პრეტენზიები და მუქარები უკრაინის საზღვართან რუსული ძალების კონცენტრაციის გამო, თუმცა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის განზრახვა არ გააჩნია. უენდი შერმანმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარყოფს მოსკოვის შეთავაზებებს და არ დაუშვებს, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რადგან ეს არის ნატო-ს ძირითადი პრინციპი. სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ გააფრთხილეს რუსეთი, რომ უკრაინაში შეჭრა მას ძვირად დაუჯდება. დასავლეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებები 12 იანვარს, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში გაგრძელდება.