აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით 75 ქვეყანას შეუჩერა 

ამერიკის მიერ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერება პოლიტიკური შეფასებების თემა – სიაშია საქართველოც. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს შტატების მხრიდან საქართველოს მისამართით ხისტი პოზიციის გამოჩენას. მათი შეფასებით, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით პრობლემა ამერიკაში შტატების წინა ხელისუფლებამ შექმნა.

ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მმართველი გუნდის პოლიტიკის შედეგია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ მიგრაციის ვიზების შეჩერება ტრამპის პოლიტიკის ნაწილია. საიმიგრაციო ვიზის შეჩერება შეეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და მოლდოვასაც.

ამ საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა. გადაწყვეტილება არ შეეხება ტურისტულ ვიზებს – ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა-აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.