აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა. ინიციატორი არის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო. რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს რვა თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც “რესპუბლიკური”, ასევე “დემოკრატიული პარტიიდან”. კერძოდ, რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს უსვამს, რომ 2016 წელს საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და მაღალი სტანდარტით ორგანიზებული საპარლამენტო არჩევნები.

ამასთან, რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციაზე. რეზოლუცია ადასტურებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და ხალხისადმი, ასევე ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერას.

კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, რომ სამივე ქვეყნის ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.