აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი

ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე განსახილველი თემა იყო ჩინეთიც, რომლის წინააღმდეგ ამერიკამ შესაძლოა სანქციები აამოქმედოს.

წინაპირობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დღეს მიღებული კანონ-პროექტია, რომელიც პეკინის მისამართით უმწვავეს გზავნილებს მოიცავს. დოკუმენტი სინძიანის რაიონში  მცხოვრებ მუსლიმ უიღურებს ეხება, რომელთა შესახებ ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა მასალებმა წინა კვირას მსოფლო შეძრა. დაკავებები, წამების ფაქტები, უფლებების უხეში დარღვევა, ძალადობა. ამერიკელი კონგრესმენები სინძიანში მცხოვრები რელიგური და ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციის უხეშ ფორმებზე საუბრობენ. ნახსენებია მუსლიმი უიღურების დაკავების ბანაკებიც, სადაც, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, მოზარდების წინააღმდეგ ე. წ. ტვინის გამორეცხვის მეთოდებს მიმართავენ და მათ ტრანსფორმაციას ცდილობენ. გზავნილს, რომ ვაშინგტონი მსგავს ფაქტებზე თვალს არ დახუჭავს, პეკინის არანაკლებ ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.