აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანა ამერიკის თავდაცვის მდივანს მასპინძლობს. ოფიციალური შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი შედეგი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაა, რომლითაც პენტაგონი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკეთ თავდასაცავად და აგრესიის შესაკავებლად ახალი შესაძლებლობების შექმნაში უნდა დაეხმაროს. საქართველო-ამერიკის სამომავლო პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს,  – ასეთია ლოიდ ოსტინის გზავნილი. თბილისში მყოფი პენტაგონის ხელმძღვანელის ტონი საკმაოდ მკაცრი იყო მოსკოვის მისამართით – აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რუსეთს 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ამერიკისთვის შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

რეფორმების გატარება და დემოკრატიის გაძლიერება იყო კონკრეტული რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების მისამართითაც.

ლოიდ ოსტინი საქართველოდან სავარაუდოდ, უკრაინაში გაფრინდება, რეგიონულ ტურნეს კი ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.