აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

მაღალი რანგის სტუმარს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილია. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ვიზიტი აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა. „ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის – ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრემიერის მედიაციით მიღწეული შეთანხმება. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა განცხადება და პრემიერს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.