აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი და მხარდაჭერა საქართველოს

სანამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებს აფასებს, საქართველო აშშ-სგან დამატებით ფინანსურ დახმარებას იღებს.

მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩანაწერია. საქართველოსთვის დაფინანსების გაზრდის პარალელურად დოკუმენტი სერიოზულ შეზღუდვებს უწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებენ და იქ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობით დაკავდებიან.

ბოლო პერიოდში კონგრესის მიერ მიღებული რამდენიმე ორპარტიული მხარდამჭერი აქტის შემდეგ ახლა უკვე მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასახული მხარდაჭერა მმართველ გუნდს არწმუნებს, რომ საქართველოს საკითხი სტრატეგიული პარტნიორის მუდმივ დღის წესრიგშია.