აშშ-ის სანქციები მოსამართლეებს

სანქციები თუ სავიზო შეზღუდვა – მეოთხე დღეა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება. ბრალდებები კატეგორიულად მიუღებელია მოსამართლეებისთვის, რომლებიც საელჩოს მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე ალაპარაკდნენ და კონკრეტული მტკიცებულებების გამოქვეყნებაც დააანონსეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთავრობის მეთაურთან შეხვედრასა და მისგან რეაგირებას ითხოვს. თუ რის საფუძველზე მოხდა უვადო და ყოფილი მოსამართლეების დასანქცირება, აშშ-ის ელჩისგან მედია და ხელისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას უშედეგოდ ითხოვდა, თუმცა როგორც კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ელჩმა გაიმეორა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაფუძნებულია პრესასა და სხვადასხვა კვლევებში ასახულ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ხმაურიანი განცხადებიდან მესამე დღეს ისიც ითქვა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო თარგმანის პრობლემა.