აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში 

ვენესუელის დაკავებული პრეზიდენტი მანჰეტენის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ნიკოლას მადუროს, რომელიც 2 იანვარს, შტატების სამხედრო ოპერაციის შედეგად, კარაკასში მეუღლესთან ერთად აიყვანეს, ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ. ნარკოტერორიზმი, შტატებში კოკაინის შეტანა, დესტრუქციული მოწყობილობების ფლობა და ამერიკის წინააღმდეგ შეთქმულება, ვენესუელის ყოფილ ლიდერს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე ედავებიან. ვიდრე ნიკოლას მადურო ამერიკული მართლმსაჯულების განაჩენს ელოდება, ვენესუელაში კი ახალი მთავრობა დაკომპლექტდება, ქვეყნის მმართველად, ამერიკის შეერთებული შტატები ცხადდება. დონალ ტრამპისგან გამაფრთხილებელ გზავნილს იღებს მადუროს მოვალეობის შემსრულებელიც. შტატების პრეზიდენტი დელსი როდრიგესს სწორი ქცევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრ საპასუხო ზომებზე მიუთითებს. პარალელურად, ჩატარებული სამხედრო ოპერაცია არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი ხდება. მაშინ როდესაც მსოფლიო ლიდერთა ნაწილი ოფიციალური ვაშინგტონის ქმედებებს დადებითად აფასებს, მეორე ნაწილი დონალ ტრამპს საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ვენესუელაში განვითარებული პროცესები უკვე გახდა გაერო-ს საგანგებო სხდომის მოწვევის მიზეზიც. ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა კუბის მთავრობა ამტკიცებს,  რომ ოპერაციას მათი 32 მოქალაქე ემსხვერპლა.