აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადება – შეფასებები
შეფასებების თემაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადება, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში აქციებს, ამერიკის წინა ხელისუფლება, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი არ არის დადასტურებული, მმართველ გუნდში კი – განმარტავენ, რომ ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მოსაზრებების ერთგვარი დადასტურებაა. USAID-ის მიერ საქართველოში აქციების დაფინანსებაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ ბენცმა ისაუბრა, რომელმაც ასევე თქვა, რომ თავად კანონი გონივრულია და ახლა ევროპაშიც ითხოვენ მსგავსი კანონის მიღებას, რათა ევროპამ საბოლოოდ გაიგოს, ხომ არ აფინანსებს ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკა მათ ქვეყნებში. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკას „ორმაგი სტანდარტი“ აქვს, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან თავად ჰქონდეს გავლენა.