აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერა საქართველოს

სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მწვავე გზავნილები მოსკოვის მისამართით ამჯერად ვაშინგტონის მხრიდან გაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზთან რკინის ღობეების დამონტაჟებას გმობს და რუსეთს უკანონო სამუშაოების სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკიდან მოსკოვს კიდევ ერთხელ შეახსენეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პუნქტებიც.

მომავალ კვირას გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჟენევის მოლაპარაკების ორი თანათავმჯდომარე ჩავა და ადგილზე აღმართულ ხელოვნურ ბარიერებს პირადად ნახავს. მანამდე კი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრი შეფასებები ეძლევა. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია ოპოზიციის ნაწილისთვის. ოპონენტების აზრით, ხელისუფლება მოსკოვის მიმართ სათანადო სიმკაცრეს არ ავლენს.

 

დატოვე კომენტარი