აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ადამიანების გატაცებებზე, ასევე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებზე არის საუბარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტი მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. შეფასებულია 200-მდე ქვეყანაა, მათ შორის საქართველო.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები რჩება“.

შეფასებულია საპრეზიდენტო არჩევნებიც. ეუთო-ს დამკვირვებლებმა არჩევნებს კონკურენტული და პროფესიონალურად ადმინისტრირებული უწოდეს, ამასთან გამოთქვეს შეშფოთება თამაშის თანაბარი პირობების არარსებობის, ამომრჩეველთა დაშინებისა და შურისძიების შიშის გამო.

დოკუმენტში მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიც არის სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებები, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და მასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები.