აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყნის ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რომელიც მათ შორის გამოიხატა ახალი სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში. ანგარიშის თანახმად, ოქტომბერში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სახის ელექტრონული ამოცნობის სპეციალური პროგრამა. ამასთანავე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი სეგმენტები აღიჭურვა 24/7-ზე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით. ანგარიშში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული სასაზღვრო პოლიციის მიერ ახალი მობილური დაკვირვების სისტემის დანერგვა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფმა, ოპერატიული პარტნიორის რანგში კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა ნატო-ს ხელმძღვანელობით ჩატარებულ საზღვაო ანტიტერორისტულ ოპერაციაში – „ზღვის მცველი“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასრულდა 2023-2027 წლების საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო შეუერთდა გაეროს ტერორისტთა გადაადგილების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო რეგულარულად მონაწილეობს ინტერპოლის ფარგლებში დოკუმენტებისა და მგზავრთა შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში, ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით.