აშშ-ის საელჩოს განცხადება და ბიძინა ივანიშვილის წერილი
თბილისში პოლიტიკური შეფასებებია თემაა ამერიკის საელჩოს განცხადება და ბიძინა ივანიშვილის საპასუხო წერილი. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ თავის ფინანსურ ინტერესებს აყენებს, მმართველ გუნდში კი – ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ წერილში მკაფიოდ ახსნა მიზეზები, თუ რატომ არ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ფორმალური და არაფორმალური სანქციების ფონზე, შეხვედრის მოცემულობა არ იქნებოდა მართებული, თუმცა, ამავე დროს წერილში განმარტებულია, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან კვლავაც ძალაშია. ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს, ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ კი – საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. „აშშ-ის ელჩს პრემიერთან შეხვედრა შევთავაზეთ, თუმცა უარი განაცხადა, აქედან გამომდინარე, ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი“ – ნათქვამია განცხადებაში. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს მთავრობის შეთავაზებას, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.