აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა კონგრესში

ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას წლის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. მან მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბაიდენის თქმით, თავისუფლება და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა დარჩება ერთგული ნატო-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ, ხოლო თუ შეერთებული შტატები უკრაინას დაშორდება, ევროპა რისკის ქვეშ აღმოჩნდება. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ ეკონომიკა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2021 წელს, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. გამოსვლაში მან აქცენტი საზღვრის უსაფრთხოებაზეც გააკეთა და სასაზღვრო კანონპროექტის წარუმატებლობაში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა. ბაიდენმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებულ დაპირისპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამერიკა ღაზის სანაპიროზე პორტის აშენებას გეგმავს, რათა ზღვის გავლით მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი. ამასთან, ჯო ბაიდენმა მილიარდერებზე გადასახადების გაზრდის ინიციატივა გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ეს თანხები შესაძლოა გამოიყენონ ფედერალური დეფიციტის შემცირებისა და ფედერალური ინიციატივების დასაფინანსებლად.