აშშ-ის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს

ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან თბილისს.

უკრაინაში მიმდინარე ომის და გაუარესებული რეგიონული უსაფრთხოების ფონზე ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავენ. დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. შემდეგი ნაბიჯი პლენარული სხდომაა, რის შემდეგაც განხილვა სენატში გადაინაცვლებს. რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გვერდით დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ეს იყო მთავარი გზავნილი ამერიკელი კანონმდებლების სიტყვით გამოსვლებიდან. განხილვის დროს არაერთხელ ახსენეს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოში რუსეთის ოკუპაციის უმძიმესი შედეგები. კონგრესმენები ორპარტიულ კანონპროექტში თანხმდებიან, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების მხრივ მხარდაჭერის გაძლიერებაა საჭირო.