აშშ-ის კონგრესიდან გზავნილებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

აშშ-ის კონგრესიდან გზავნილებს თბილისში პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ წერილების გარდა, ხელისუფლებას მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შეერთებული შტატების სენატიდან.

ოპონენტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, ეს ინფორმაცია თავად გამოაქვეყნოს. რაც შეეხება კომენტარებს წერილებთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობა რუსულ ინტერესებს ატარებს და ამით სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს უპირისპირდება.

კომენტარი გაკეთდა „ევროპულ საქართველოშიც“. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გზავნილის ინიციატორები, საქართველოში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულები არიან.

უმრავლესობაში კი ისევ აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ასეთი ფორმით, პარტნიორებთან ურთიერთობაში, საუკეთესო საშუალება არ არის. მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ წერილების ავტორებს სათანადო ობიექტური ინფორმაცია არ აქვთ.