აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადება – გამოხმაურებები
„იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს ფედერალური კანონების შესახებ, რომლებიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი შეერთებულ შტატებში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით ან კონტროლით მოქმედებენ“ – ამის შესახებ განცხადებას შეერთებულ შტატებში იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი რეგისტრაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. „კანონიერი პროტესტი და დამოუკიდებელი ინტერესების დაცვა დაცული უფლებებია. თუმცა, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოელი სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას შეერთებულ შტატებში, შესაძლოა ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები. გაეცანით თქვენს ვალდებულებებს FARA-სა და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლის შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში. პარალელურად, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს ამერიკელი კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი ცვლის „ფარას“. „ჩემი ახალი კანონპროექტი ცვლილებებს შეიტანს „ფარას“ კანონში, რათა მისი მოქმედება გავრცელდეს ინფლუენსერებზეც, მაქსიმალური ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში“, – წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი. ფარას გამკაცრებულ კანონმდებლობას ეხმაურებიან თბილისში.