როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – საკითხი რამდენიმე დღეა შეფასებების თემაა თბილისში. დოკუმენტში მთავარი კრიტიკის ობიექტი ევროპაა. ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვის ცენზურა, მიგრაციული პოლიტიკა, ოპოზიციის ჩახშობა, ეროვნული იდენტობის დაკარგვა ევროპაში მთავარი ტენდეციებია, რომელთა შენარჩუნების შემთხვევაში ევროპის კონტინენტი შეუცნობელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში მკაფიოდ არის გაცხადებული, რომ შტატებს სურს, ევროპა დარჩეს ევროპული და მზადაა, დაეხმაროს მას ახლანდელი ტრაექტორიის გამოსწორებაში.