აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი დადო

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი უკვე დადო. როგორია დიპლომატის გზავნილები, რაც დეგნანის სპეციალურად მომზადებულ სიტყვაში მოვისმინეთ. რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო, საქართველოსთვის საფრთხის ქვეშ რჩება. ერთობლივი წვრთნებითა და სწავლებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქციეს. ამჟამად აქცენტი სისტემებისა და კანონების განხორციელებასა და აღსრულებაზეა, რათა გარანტირებული იყოს თანასწორობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია. როდის ჩამოვა თბილისში და გადასცემს რწმუნებათა სიგელებს საქართველოს ხელისუფლებას, ჯერ დაკონკრეტებული არ არის.