აშშ-ის ელჩის განცხადება

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა, პრეზიდენტის განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების დეპოლარიზაციისთვის, პრეზიდენტმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს თავისუფალი, სანდო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. ელჩის თქმით, კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს მოსახლეობის არჩევანია, რომელთაც მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა სურთ.

ელჩის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა იძლევა მეტი პლურალიზმის საშუალებას. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შეთანხმებით გათვალისწინებულ ცვლილებებს დაამტკიცებს.