აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა

საუდის არაბეთის ქალაქი ჯიდა დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკის და უკრაინის წარმომადგენლები სხედან. ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი ხელმძღვანელობს, უკრაინას კი საგარეო და თავდაცვის მინისტრები, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე წარმოადგენენ. შეხვედრა მერვე საათია მიმდინარეობს. თეთრ სახლში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ეს ოფიციალურ ვაშინგტონსა და კიევს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდია. სწორედ ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა და მინერალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რაც 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში დაძაბული საუბრის შემდეგ ღიად დარჩა. მეტწილად დღევანდელი მოლაპარაკება განსაზღვრავს ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობის მომავალს და უკრაინისთვის შეჩერებული სამხედრო დახმარების განახლების პერსპექტივასაც. საუდის არაბეთში იყო ჩასული, თუმცა შეხვედრას არ ესწრება უკრაინის პრეზიდენტი. ამერიკული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი და დღევანდელი აუდიენციისგან დადებით შედეგებს ელოდება. ორივე მხარის დათმობები გადამწყვეტი იქნება დიპლომატიისთვის – ამ გზავნილით არის ჩასული საუდის არაბეთში ამერიკის სახელმწიფო მდივანი.