აშშ-ის ასიგნებათა კომიტეტის გადაწყვეტილება

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით, 2020 წელს საქართველო ამერიკისგან 132 მილიონ 25 ათას დოლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტო ზრდაა და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი განსაზღვრავს ამერიკის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის და დახმარების კუთხით. კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდასა და ამასთანავე, აღნიშნული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

285 მილიონი დოლარი გამოიყოფა ასევე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო უწყება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.