აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა და საქართველო

გადაიტვირთება თუ არა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა: გახშირებული ვიზიტების და გააქტიურებული დინამიკის ფონზე, ვაშინგტონიდან თბილისმა ახალი გზავნილები მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და მისი მოადგილის განცხადებებში საქართველოს ხელისუფლება წელიწად-ნახევრის წინ შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის განახლების სურვილს ხედავს. მარკო რუბიომ ,,ქართული ოცნების” მწვავე კრიტიკით გამორჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეკითხვის პასუხად პრობლემურ თემებსა და ვაშინგტონისთვის შემაშფოთებელ საკითხებზე ისაუბრა. თუმცა, იქვე მთავარი გზავნილი იყო, რომ თბილისისთვის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯები ცნობილია და ამ ნაბიჯების ნაწილი უკვე გადაიდგა კიდეც. საერთო ინტერესებზე ხაზგასმის და ურთიერთობის აღდგენის სულისკვეთება იკითხებოდა რუბიოს მოადგილის სიტყვებში, რომლითაც ქრისტოფერ ლანდაუმ ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების მონაწილეებს მიმართა. განცხადებებში, რომლებიც ბოლო ორ დღეში ამერიკიდან წერილობით თუ ზეპირად გაჟღერდა, ხელისუფლებისთვის წაყენებული კონკრეტული პირობები ამოიკითხა ოპოზიციამ.