აშშ-ირანის შეთანხმება - შეფასებები

ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურებიან ევროპელი ლიდერები. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ​მიულოცა​ დონალდ ტრამპსა და შუამავლებს პაკისტანიდან, კატარიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც, კირ სტარმერის თქმით, შეთანხმების ირანთან მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა შეთანხმების სრულად განხორციელებაა, რათა ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და მუდმივად ღია დარჩეს, ასევე დასრულდეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების დეტალებზე მუშაობა. სტარმერმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მზად არის მხარი დაუჭიროს ტექნიკურ მოლაპარაკებებს, რომლებიც შეთანხმების შემდეგ დაიწყება. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონის თქმით, შეთანხმება დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რომელსაც ხელი რამდენიმე პარტნიორმა შეუწყო. როგორც მაკრონმა აღნიშნა, შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივი და უპირობო გახსნა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება ასევე ქმნის საფუძველს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ფართო მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ირანის ბირთვულ და ბალისტიკურ პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე თეირანის რეგიონული პოლიტიკა.