აშშ-ირანის მოლაპარაკებები – პოზიციები ერთი დღით ადრე

21:23, 10.04.2026

მსოფლიო გადამწყვეტი მოლაპარაკებების მოლოდინში.

ხვალ პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შეხვედრის პირველ რაუნდს უმასპინძლებს, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებაა დამოკიდებული. ირანის დელეგაცია უკვე ისლამაბადშია. მას საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. აშშ-ის მხრიდან კი მომლაპარაკებელთა ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებათა მაგიდასთან დევს 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას, მასზე და მის მოკავშირეებზე თავდასხმების შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტის გახსნას და მასზე ირანის მხრიდან სრული კონტროლის შენარჩუნებას გულისხმობს. თავისი მოთხოვნები და პირობები აქვს აშშ-ს, რომელიც პირველ რიგში ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის ფლობაზე უარს მოითხოვს. ამ მიზნით თვეების წინ მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა, რასაც მალევე ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა. მოლაპარაკების წინ მუქარის შემცველი გზავნილი ვრცელდება ირანის ახალი სულიერი ლიდერის მხრიდან, რომელიც მამის მკვლელობისთვის შურისძიებით იმუქრება და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. მუქარა გაისმა ტრამპის მხრიდანაც. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე მხარეები წინაპირობებს აყენებენ. შესაბამისად, მყიფეა ორკვირიანი ვადით ამოქმედებული ზავიც – აშშ-ის პრეზიდენტი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს, ყურის ქვეყნები კი ირანს მორიგ თავდასხმებში ადანაშაულებენ, თავის მხრივ თეირანი ლიბანზე იერიშების შეჩერებას მოითხოვს.

მსგავსი