აშშ FARA-ს რეგულაციებს ამკაცრებს
ცვლილებები შედის კანონში, რომლის ქართული ანალოგის მიღებას ცოტა ხნის წინ საქართველოში ვნებათაღელვა და მწვავე პროტესტი მოჰყვა.
90-იანი წლების შემდეგ პირველად „ფარას“, იგივე უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი კორექტირდება. მიზანი იმ უცხოური გავლენის წარმომადგენელთა ლობისტური საქმიანობის გამოვლენაა, რომლებიც ფარაში რეგისტრაციას საკანონმდებლო ხარვეზების დახმარებით თავს არიდებენ. სწორედ ამ ხარვეზების აღსაკვეთად და არარეგისტრირებული უცხოური აგენტების გამოსავლენად სენატმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაამტკიცა. მთავარ სამიზნეებად ცხადდებიან რუსეთის, ჩინეთის, ირანის კუბის, ვენესუელის და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები თუ მათთან დაკავშირებული კომერციული კომპანიები. უცხოური გავლენის მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა საქართველოში „ფარას“ ქართული ანალოგის გარშემო დისკუსია. თავის დროზე კანონის ამოქმედებას ადგილობრივ ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად ის ამერიკელი სენატორებიც ეწინააღმდეგებოდნენ, რომლებიც დღეს 30-იან წლებში მიღებული გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას მხარს უჭერენ. ფარას ქართული ანალოგის გარშემო ვნებათაღელვა არც ახლა ცხრება, მისი გაუქმება ბოლო პერიოდში მიღებული ყველა საერთაშორისო რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.