აშშ FARA-ს კანონის გამკაცრებას გეგმავს

15:16, 26.06.2026

ამერიკა ფარას კანონის გამკაცრებას გეგმავს – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენის აღკვეთას. ცვლილების მიხედვით, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის არსებული ხარვეზების აღმოფხვრა უნდა მოხდეს, რომლებიც უცხოელი მოწინააღმდეგეების არარეგისტრირებულ აგენტებს აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განხორციელების საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის ანალოგიური ვერსია კონგრესის ქვედა პალატაშიც არის წარდგენილი. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA) ბოლოს 1990-იან წლებში შეიცვალა.

სენატორების შეფასებით, ის ვეღარ პასუხობს თანამედროვე უცხოური გავლენის კამპანიების გამოწვევებს, როდესაც მოწინააღმდეგე ქვეყნები საკუთარი ინტერესების გასატარებლად კომერციულ საქმიანობასა და სამართლებრივ გამონაკლისებს იყენებენ. მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელი მოწინააღმდეგეების წარმომადგენლებს შეუძლიათ, თავი აარიდონ FARA-ს ფარგლებში რეგისტრაციას იმ მოტივით, რომ მათი საქმიანობა კომერციული ხასიათისაა, შიდა ინტერესებს ემსახურება ან ექვემდებარება გამონაკლისებს. შედეგად, მათი გავლენის მცდელობები და ლობისტური საქმიანობა ხშირად იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის მიღმა რჩება. კანონპროექტი ამ ხარვეზებს ხურავს და ავალდებულებს იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩინეთის, რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან კუბის მთავრობის, ან მათთან დაკავშირებული კომერციული სტრუქტურების სახელით მოქმედებენ, FARA-ს ფარგლებში დარეგისტრირდნენ. ეს მათი გავლენის კამპანიების უფრო მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

მსგავსი