ტრამპის გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ, შოტლანდიაში დადებული გარიგება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარი თემაა. თეთრი სახლი ევროკავშირს სადამსჯელო ზომებს აღარ დაუწესებს: აშშ-მა და ევროკავშირმა სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს – ამერიკა მთავარ სავაჭრო პარტნიორს იმპორტირებული საქონლის დიდ ნაწილზე 30-ის ნაცვლად 15%-იან ტარიფებს დაუწესებს, რითაც ორივე მხარე კმაყოფილია. შესაბამისად, თავიდან აცილებულია ის საპასუხო ზომებიც, რომლითაც ბრიუსელი იმუქრებოდა. სატარიფო შეთანხმება რამდენიმე პირობას მოიცავს, მათ შორისაა ევროკავშირის მიერ ამერიკული ენერგორესურსების განსაზღვრული მოცულობით შესყიდვა. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის შეთანხმებული პირობებით ორივე მხარე კმაყოფილია, 30%-იანი ტარიფების დაწესების შემთხვევაში, ბრიუსელი სავაჭრო ომს და მსოფლიო ეკონომიკაში გლობალურ რყევებს პროგნოზირებდა. თუმცა, შეთანხმებას ევროპაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. გარიგების დეტალებით უკმაყოფილოა საფრანგეთი, სკეპტიკურად არიან განწყობილები მრეწველობის სფეროს წარმომადგენლებიც. გადაწყვეტილებას, რომლითაც დონალდ ტრამპი სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრას ცდილობს, ანალიტიკოსები არაერთგვაროვანი პროგნოზებით ხვდებიან.