აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია - რას ითვალისწინებს დოკუმენტი
აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე.
დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
კანონი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 5 მილიონი დოლარით მეტს მიიღებს, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. განსაზღვრულია ის მიმართულებები, რასაც აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს.