არშემდგარი დამხობის საქმე

პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული ძალადობრივი პროცესების ორგანიზებაში   ბრალდებული პოლიტიკოსების საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე ლაშა ბერიძე, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ აქციის ორგანიზებაში არ მონაწილეობდა. ლაშა ბერიძის ინფორმაციით პრეზიდენტის სასახლესთან მისულს ღობე უკვე მორღვეული დახვდა, ცდილობდა პაატა ბურჭულაძის დახმარებას და სასახლის ეზოში ამიტომ შევიდა. დღესვე დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. პროკურორის პოზიციით, საქმეში  დევს  ყველა მტკიცებულება იმისთვის რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხ პირს გამოძიება, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. დანაშაულები ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.