არქეოლოგიური აღმოჩენა რუსთავის ციხე-სიმაგრეში

რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოები აღმოაჩინა, რომლის ქვეშ გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნამოსახლარი და თრიალეთის ბრწყინვალე კულტურის ფინალური ეტაპის, კერძოდ კი, ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეების ქვაყრილიანი ორმოსამარხი იპოვეს. სამარხში ერთი ინდივიდი იყო დაკრძალული, იქვე აღმოაჩინეს ცხრა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საკინძი, სარდიონისა და პასტის მძივები. მუზეუმის დირექტორი, ექსპედიციის ხელმძღვანელი ნაზი პაჭიკაშვილი აცხადებს, რომ ამ აღმოჩენამ რუსთავის ისტორია სულ მცირე, სამი საუკუნით დააძველა.