არეულობა საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციის გამო
აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის ორი ათასი წევრის განთავსების განკარგულება გასცა მას შემდეგ, რაც საიმიგრაციო აღსრულების ოპერაციების გამო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კალიფორნიაში უკანონობის აღმოსაფხვრელად მიიღო. ტრამპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პროტესტი წარმოადგენს „ამბოხების“ ფორმას შეერთებული შტატის მთავრობის უფლებამოსილების წინააღმდეგ. შეტაკებები საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ აგენტებსა და დემონსტრანტებს შორის კალიფორნიაში ორი დღეა გრძელდება. არეულობა საიმიგრაციო სამსახურის მიერ უსაბუთო მიგრანტების წინააღმდეგ რეიდების ჩატარებას მოჰყვა. შეტაკებები ქალაქ ლოს ანჟელესში, ასევე მიმდებარე დასახლებებში – პარამაუნტსა და კომპტონში მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ხელკეტები. ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებულია 118 ადამიანი. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებაც.