არჩილ ტატუნაშვილის საქმე

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი წამება გახდა. ასეთია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დასკვნა, რომელიც სარჩელთან ერთად ხვალ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. 87-გვერდიანი დასკვნა მძიმედ წასაკითხია. დოკუმენტში აღწერილია 100-მდე დაზიანება, რომლებიც ტატუნაშვილს სხეულის ყველა ნაწილზე ჰქონდა მიყენებული. ექსპერტიზის მასალების და ცხინვალიდან მიღებული მონაცემების გაცნობის შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლები ასკვნიან, რომ გულის გაჩერება არა კიბიდან დაგორებამ, არამედ ძლიერი ტკივილით და ტანჯვით გამოწვეულმა ტრავმულმა შოკმა გამოიწვია.

დასკვნაში აღწერილია წამების მეთოდები, ავტორების ვარაუდით, 34 წლის მამაკაცს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავები აღიარებითი ჩვენების მისაცემად საათის და 10 წუთის განმავლობაში ჯგუფურად ცემდნენ და აწამებდნენ.