არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მთავრობას ულტიმატუმს აღარ უყენებს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი მთავრობას ულტიმატუმს აღარ უყენებს. ამის შესახებ მოამბესთან განცხადება ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის მამამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მასთან შესახვედრად სოფელ წილკანში შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

გიორგი ტატუნაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ცხედარს გადმოსცემენ, თუმცა ზუსტი დრო უცნობია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მისი შვილის გადმოსვენების პროცესი გაჭიანურდება, ოჯახი საპროტესტო ზომებს კვლავ მიმართავს.

ორი დღის წინ ტატუნაშვილების ოჯახმა ახლობლებთან ერთად ნატახტრის ტერიტორიაზე, ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახისგან ერთდღიანი ვადა ითხოვა.