არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნება. გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები დაესწრებიან. ოკუპირებული ცხინვალის  ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.