არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

ლოდინის მეხუთე დღე. ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას დღეს ელოდებოდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ისევ დუმს. დუმილის ფონზე საერთაშორისო ზეწოლა კიდევ უფრო ძლიერდება.

ახალგორში 22 თებერვალს დაკავებული ტატუნაშვილის რეზონანსულ საქმეს ამჯერად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ევროსაბჭოდან, ფინეთიდან და ჩეხეთიდან ეხმაურებიან. საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.

ქართული არასამთავრობო სექტორი კი ხელისუფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისკენ მოუწოდებს.