არჩილ თალაკვაძის განცხადება

„სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკითხები, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის საქმეში არსებობს, გონივრულ ვადებში ამოიწუროს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დემოკრატიასთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას, ხოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტი არის ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯული და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი, რომელშიც გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს.