არჩილ გორდულაძის განცხადება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ტყუილში ამხელს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ გორდულაძე, რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ფოტომასალას ურთავს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განცხადებაში განმარტავს, თუ რატომ არის საჭირო გრანტების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება.

„საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ უცვლელი, ერთპიროვნული და „ტირანი“ (მისივე თანამშრომლების ნათქვამია) დირექტორი კაპიტანი გიგაური მორიგ ტყუილს ავრცელებს. როგორ შეიძლება ერთი სიტყვა მაინც დაუჯერო, როცა ორგანიზაციას დასახელებაში გამჭვირვალობა უწერია და თავად არის ყველაზე გაუმჭვირვალე და უცხოეთიდან მიღებული არცერთი თეთრის გასაჯაროვება არ უნდა. სხვა მავნებლობები გვერდით რომ გადავდოთ, მიღებული და დახარჯული თანხების დასამალად, პატრონის დავალებით, საუკუნის აფერაშია ჩართული 2023 წლიდან და პატრონებისგან ჩარიცხული თანხის დასამალად ესტონეთშიც კი გადარეგისტრირდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების შემდეგ იცის, რომ ვეღარ ვეღარ შეძლებს, ვერც ის და ვერც კოლექტიური მარტა კოსი, კანონის გვერდის ავლას და მის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, იცის, რომ მოუწევს, იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს, ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს. ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებელ ფულზე“, – წერს სოციალურ ქსელში არჩილ გორდულაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ქარდებს უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ და დეზინფორმაცია უწოდეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, „გამჭვირვალობის კანონი“ იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიუღიათ.

„გამჭვირვალობა კი არა, დეზინფორმაციის წყარო ხართ! გამჭვირვალობის კანონი იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ალბათ, რაც კი მიგვიღია!“- წერს ირაკლი ჭეიშვილი, ნინო წილოსანი კი არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო დეზინფორმატორს უწოდებს.