ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური ხმის დათვლის შედეგებით დაინტერესდა და „ისფედისგან“ შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე ელოდება.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, სამართლიანმა არჩევნებმა მასალების გადასაცემად, დამატებითი დრო ითხოვა და მიზეზად დოკუმენტაციის დიდი მოცულობა დაასახელა. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები, პროკურატურის მიერ, პივიტით დაინტერესებას „სამართლიანი არჩევნების“ დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ფარსს უწოდებენ. ოპონენტების პოზიციას მმართველ გუნდში არ იზიარებენ და „ისფედის“ მოქმედებების უკან, უცხოური ძალის გავლენას და პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ისფედს“ თაღლით ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რომელიც ცესკო-ს მონაცემებს ემთხვევა, დონორების მითითებით არ გამოაქვეყნა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, სამართლიანი არჩევნები ამერიკიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ, ბრიუსელიდან ფინანსდება და ეს თანხები ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების ჩაშლას ხმარდება.