არჩევნების შემდეგ ენმ და "ევროპული საქართველო" საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ

არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები, აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ის დღეს ამომრჩევლებს ქობულეთსა და ჩაქვში შეხვდა.

კითხვაზე, შედგა თუ არა დამატებითი შეთანხმება ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის ჰელსინკში, ვაშაძე პასუხობს, რომ გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის შუამავლობით იქნა ხელმოწერილი და ეს ეხებოდა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ეს პარტიები ცხოვრებასა და მოღვაწეობას გააგრძელებენ, როგორც სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები.