არჩევნების შედეგები სენატში

სიბიესის“ პროგნოზით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით „დემოკრატები“ სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს აქვს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დემოკრატების“ მიერ სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა, დონალდ ტრამპმა კი დემოკრატები ნევადისა და არიზონას შტატში არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა. დღევანდელი მონაცემებით, სენატში 50 ადგილი „დემოკრატებს“ და 49 „რესპუბლიკელებს“ ექნებათ. ერთადერთი შტატი, სადაც ჯერ შუალედური არჩევნების შედეგი უცნობია, ჯორჯიაა. ამ შტატში მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯიაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა გაიმარჯვა, სენატში ორ პარტიას 50-50-ი ხმა, ხოლო გადამწყვეტი ხმა „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება.