არჩევნების შედეგები საგანგებო ვითარების ფონზე დამტკიცდა

დონალდ ტრამპისთვის დღემდე სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა კონგრესზე თავდასხმაში გადაიზარდა. ორივე პალატის გაერთიანებული სხდომის მიმდინარეობის დროს, ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. არეულობის მიუხედავად, იძულებითი შესვენების შემდეგ, საარჩევნო შედეგები მაინც დამტკიცდა. ამერიკის კონსტიტუციით გათვალისწინებული ბოლო ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, ჯო ბაიდენი 20 იანვარს ფიცს დადებს და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება. კონგრესზე თავდასხმას და შენობაში განვითარებულ მოვლენებს უმძიმესი რეაქციები მოჰყვა ტრამპის გუნდშიც. რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ სენატორმა არეულობის წაქეზებაში მოქმედი პრეზიდენტი დაადანაშაულა.