არჩევნების შედეგები დიდ ბრიტანეთში 

დიდი ბრიტანეთის ვადამდელმა არჩევნებმა ბრექსითთან დაკავშირებულ გაურკვევლობას წერტილი დაუსვა.

650-მანდატიან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა პრემიერ ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა პარტიამ“ მოიპოვა. სწორედ ეს სჭირდებოდა მთავრობის მეთაურს ბრექსითზე წინა პარლამენტის მიერ ჩაგდებული შეთანხმების დასამტკიცებლად. გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ბოლო თარიღად 31 იანვარს ასახელებს. გავრცელებული ცნობით, შეთანხმებას შემდეგ კვირაში უყრიან კენჭს. ბორის ჯონსონის და მისი პარტიის წარმატებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

ევროკავშირი ახლა ლონდონისგან ბრექსითის შეთანხმების რატიფიცირებას და რამდენიმეწლიანი გაურკვეველი ვითარების დასრულებას ელის.