არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის გეგმები

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციამ ბოიკოტი და მეორე ტურში არ მონაწილეობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად აანონსებდნენ, რომ ხვალინდელი მეორე ტური საერთო ოპოზიციური პროტესტის ფონზე ჩაივლიდა. განიხილებოდა პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმატი, მათ შორის ცოცხალი ჯაჭვი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულ წევრთა მიერ ინიცირებული ე.წ. სირცხვილის დერეფნები საარჩევნო უბნებთან, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თავიდანვე გაემიჯნა. აქციების გეგმა დღის პირველ ნახევარშიც ძალაში რჩებოდა. თუმცა, დღის ბოლოს ოპოზიციამ ერთიანი საპროტესტო გამოსვლები გაუქმებულად გამოაცხადა. დღის წესრიგიდან მოიხსნა ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობაც. იგნორირება – საბოლოოდ ოპოზიცია პროტესტის ამ ფორმაზე შეთანხმდა.