უხეში შეცდომა თუ მანიპულაცია

თვენახევრის შემდეგ გასაჯაროებული ხარვეზი. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 31 ოქტომბერს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგის კორექტირება პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.

„ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეცდომის დამალვაში ადანაშაულებს და მიზანმიმართული მანიპულაციის მცდელობაზე აკეთებს მინიშნებას. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ახლა აღიარებულმა ხარვეზმა, რომლის გასწორების შედეგად პარალელური დათვლის შედეგი ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს ახლა უკვე თითქმის ემთხვევა, შეკითხვები გააჩინა ოპოზიციაშიც. სწორედ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგი იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბების ბრალდებას ამყარებდნენ.

დაზუსტებული პარალელური დათვლისა და ცესკო-ს  თითქმის იდენტური საბოლოო შედეგების ფონზე ოპოზიციის ნაწილი მაინც აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმების პარალელური დათვლა, ხელისუფლების საარჩევნო მანიპულაციებს ვერ გამოავლენდა. მმართველ გუნდში კი სამართლიან არჩევნებს შეცდომის დროულად არ აღიარების გამო ბოდიშის მოხდას თხოვენ და ორგანიზაციას ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

„ქართული ოცნების“ მოთხოვნას  სამართლიან არჩევნებში დღეს ბრალდებით უპასუხეს და   ბოდიშის მოხდა თავად მმართველ პარტიას და ცესკო-ს ურჩიეს.

დატოვე კომენტარი