თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე

ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელება.

მარნეულში გუშინ ღამით მომხდარი ინციდენტის შემდეგ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის გადამღებ ჯგუფზე ტელეკომპანია „მთავარის“ რეპორტიორმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ჯეიჰუნ მუჰამედალის მტკიცებით, როცა მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დახმარებას ითხოვდა, „მოამბის“ ჟურნალისტმა და ოპერატორმა ყურადღება არ მიაქციეს, ეს მაშინ, როდესაც ინციდენტის დაწყების მომენტში ჩვენი გადამღები ჯგუფი ჯეიჰუნის მიერ მითითებული ტერიტორიიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრში იმყოფებოდა და პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა, დაპირისპირების ადგილზე მისვლისას კი თავად გახდა თავდასხმის სამიზნე და შესაბამისად დასახმარებელი. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს და დაუმტვრიეს კამერა.

ცილისწამება და უსაფუძვლო ბრალდებები პირველი არხის მისამართით პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ყოველთვის, დეზინფორმაციის კამპანია განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გამძაფრდა.