#არჩევნები2020 – საერთაშორისო შეფასებები

ევროპარლამენტის წევრი ურმას პაეტი საქართველოს, პანდემიის პირობებში, საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

ის „ტვიტერში“ წერს, რომ აუცილებელია გარკვეული სახის ხარვეზების გამოსწორება. „პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი კი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა ეუთო/ოდირმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამავე წერილში ვკითხულობ, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.